საქართველოს პრემიერის მიმართვა კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან და მწვავე პოლიტიკური რეაქციები თბილისში – რეზონანსული აღმოჩნდა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, რომელიც უკრაინის ომს, გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს საგარეო პოზიციონირებას დაეთმო. დაისვა შეკითხვები – მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე და უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე. სანქციებზე საუბრის დროს პრემიერმა საერთაშორისო საზოგადოებას დღეს რამდენჯერმე გაახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის მიმართ მაშინდელი არასათანადო რეაგირება. განსაკუთრებული ვნებათაღელვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში გამოსვლის იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საკითხს შეეხო.