საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტი კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდი ვიზიტსა და მის შედეგებს უმნიშვნელოვანესს უწოდებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება პრემიერ ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის განცხადებით, ჩინეთში გამართული შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს, რაზეც ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ დოკუმენტი სამ განზომილებას მოიცავს – პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და საერთაშორისოს. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.