სამეგრელოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრი კახათში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. პრემიერმა შეწამვლის პროცესსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სხვა საშუალებებზე ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა. აღინიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რესურსი გაათმაგებულია და 2019 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. პარალელურად, აგროკონსულტანტების მონაწილეობით, ტარდება მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები, რათა დროულად ჩატარდეს აგროსამუშაოები და მოსახლეობამ ნაკლებად იზარალოს.
მთავრობის მეთაური ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი გახდება. მიმდინარე პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
ბაღის განახლება იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მოამზადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება.