პრემიერ-მინისტრი პარლამენტში - ურთიერთბრალდებები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის

ხუთსაათიანი მოსმენა მწვავე კრიტიკის და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. გამორჩეული გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილის გამოსვლები აღმოჩნდა. კორუფცია, ევროკომისიის რეკომენდაციების იგნორირება, ქვეყნის ღალატი, პოლარიზაციის გაღრმავება, არაკომპეტენტურობა, უცხოელ პარტნიორებზე თავდასხმა, ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება – ეს ის მთავარი ბრალდებებია, რომლებიც პრემიერის და „ქართული ოცნების“ მისამართით ოპონენტების მხრიდან ყველაზე ხშირად ისმოდა. ოპოზიციის ნაწილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გამორიცხა და ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. ასეთი პროგნოზის გამყარებას ოპონენტები ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის რეზოლუციების მძიმე ჩანაწერებით ცდილობდნენ. იყო მუქარის შემცველი გზავნილებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა სახემ და პარტიის თავმჯდომარეობისთვის მებრძოლმა ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკური წარღვნა დაუანონსა. ოპოზიციის ნაწილის მისამართით არანაკლებ მწვავე იყო პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერების რიტორიკაც.