საქართველო მშვიდობის ფორუმზე.
რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს პარიზში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს აცნობენ. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონის მიერ ორგანიზებული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში – პრემიერმა სომეხ კოლეგასთან ერთად რეგიონული გამოწვევებისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დეოკუპაციის მისაღწევად ქვეყანას რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა აქვს არჩეული – ასეთი იყო მთავრობის მეთაურის გზავნილი, გამოსვლაში აქცენტირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილებაც. პარიზის ფორუმზე საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის, ხაზგასმაც მოხდა. რეგიონული მშვიდობის მისაღწევად მეზობლებს მედიაციისთვის მზადყოფნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამჯერად საფრანგეთიდან დაუდასტურა.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს პარიზში მიმდინარე მშვიდობის ფორუმს.