გაყოფილი პოზიციები ოპოზიციურ ფლანგზე და შეთავაზება, რომელმაც პარტიებს შორის უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.
გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ შექმნილი პლატფორმის და მათ მიერ ინიცირებული ოპოზიციური გაერთიანების პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ყველა პარტიის ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანების და საერთო საარჩევნო სიის შესადგენად პრაიმერიზის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ზურა გირჩი ჯაფარიძე საჯაროდ აკრიტიკებს. დამოუკიდებელი გეგმა აქვს „ლელოსაც“. სკეპტიციზმია არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილშიც. როგორც ირკვევა, 2020 და 2021 წელს გაერთიანების მცდელობებმა და საბოლოო შედეგმა პარლამენტში შესულ და პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს ერთმანეთის მიმართ უნდობლობა გაუჩინა. პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება საპარლამენტო ბოიკოტის ინიციატივაც. მანდატზე უარის თქმას ამჯერად გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომლის პარტია სწორედ პარლამენტისგან დისტანცირების გამო ცოტა ხნის წინ თეონა აქუბარდიამ დატოვა.