პოლონეთის საგარეო უწყებამ კლინიკა „ვივამედში“მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე. პოლონური მხარე კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში საფუძვლიანი არგუმენტები ვერ ამოიკითხა მმართველმა გუნდმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბების მცდელობას. ინციდენტი კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე დღის წინ მოხდა. პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის ფარულად გატანა სცადა. ჩამორთმეული ნიმუშები პენიტენციურმა სამსახურმა დალუქა.