პოლიტიკური შეთანხმება და გამოწვევები

8 მარტის შეთანხმება ისევ სადავო ხდება. მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში ჩართულ დიპლომატებს მიმართავს და სთხოვს, მოლაპარაკებების შინაარსი გაასაჯაროვონ და დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას ორი თვის წინ მოლაპარაკებათა მაგიდასთან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.

ამ მიმართვის შემდეგ, კიდევ უფრო მწვავდება მმართველი გუნდის მისამართით ოპონენტების ტონი. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას სიცრუესა და სპეკულაციებში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სწორედ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იგულისხმება 8 მარტს ხელმოწერილ იმ მეორე დოკუმენტში, რომელიც მართლმსაჯულებას ეხება.

იმის გამო, რომ მითითებულ დოკუმენტს პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირად კითხულობს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას პირველ შეთანხმებას, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ სწორედ დიპლომატების შუამავლობით 8 მარტს, ოთხთვიანი პოლიტიკური დაძაბულობის, ოთხი რაუნდისა და არაფორმალური შეხვედრების შემდეგ მიაღწია. იგულისხმება კომპრომისული საარჩევნო მოდელი – ანუ მანდატების 120-30-ზე თანაფარდობა, 1%-იანი ბარიერი და მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ე.წ. 40%-იანი ბარიერი.