პოლიტიკური პროცესები

ელჩების ჩართულობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვა, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის, თუმცა, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმების წაყენება თავისთავად გამორიცხავს ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან მოლაპარაკების რეალურ სურვილს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს და ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. მათი ნაწილი კი ნიკა მელიას გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან არ მივა. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებას, ის აღნიშნავს, რომ შეთანხმება მხოლოდ ურთიერთკომპრომისის გზით მიიღწევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების გამართვის თარიღი ისევ უცნობი რჩება.