საიდან და რა სქემით ფინანსდებიან საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – მმართველი გუნდის შემდეგ, სადაც ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარე ძალებისგან დაფინანსებაზე განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა, ახლა ოპოზიციის უცხოური ფულით შესაძლო დაფინანსებაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საუბრობს.
აქცენტი კეთდება კონრეტულ კანონდარღვევებზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილისა და პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობასა და საარჩევნო სუბიექტების საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირების მხრიდან დაფინანსებაზე. ამ არგუმენტებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის ვადას 31 აგვისტომდე აძლევს. დღეს გაჟღერებული ბრალდებების ადრესატად თავს არ მიიჩნევენ არც ოპოზიცია და არც მესამე სექტორი. ხელისუფლების ოპონენტები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ურჩევენ, იგივე კითხვებით და მოთხოვნებით „ქართულ ოცნებას“ მიმართოს. მმართველი გუნდისთვის კი დღეს გაჟღერებული ბრალდებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი იყო.