გერმანიაში ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ, რომ ოლაფ შოლცის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა რაც შეიძლება მალე შედგეს. ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მზად არიან მხარი დაუჭირონ ოლაფ შოლცის მმართველი კოალიციის მიერ ბუნდესტაგში წარდგენილ კანონებს, მათ შორის 2025 წლის ბიუჯეტს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის კანცლერი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრას უახლოეს დღეებში დათანხმდება. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერს სურს, რომ კენჭისყრა იანვარში შედგეს, რის შემდეგაც მარტში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ფრიდრიხ მერცი კი ითხოვს, რომ ეს პროცედურები დაჩქარდეს და ვადამდელი არჩევნები უფრო ადრე დაინიშნოს. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ გერმანიას რამდენიმე თვის განმავლობაში ე.წ. უმცირესობის მთავრობა მართავდეს. გერმანული მედიის ცნობით, ოლაფ შოლცისა და ფრიდრიხ მერცის შეხვედრა გერმანიის კანცლერის ოფისში უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში 6 ნოემბერს დაიწყო, როდესაც გერმანიის კანცლერმა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ქრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.