მწვავე პოლიტიკური დებატები პარლამენტში.
კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ პოლიტიკური ტემპერატურა დაწევის ნაცვლად კიდევ უფრო მაღლა ასწია. 8 ნოემბრის ისტორიული ანგარიშის განხილვა ხმაურიან განცხადებებსა და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან, თუ ვისი დამსახურებაა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია. დავის საგანია ის 12 რეკომენდაციაც, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანამ წელიწადნახევრის წინ საშინაო დავალების სახით მიიღო. ბრიუსელიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, როგორც ჩანს მმართველი გუნდის და ოპონენტი პოლიტიკური ძალების ერთობლივი მუშაობა ვერც იმ ცხრა პუნქტიანი გეგმის გარშემო მოხერხდება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე აქვს შესასრულებელი.