ხმაურიანი დებატები პარლამენტში.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვა ყოველდღიურად მძაფრდება. ვინ ცდილობს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების ჩაგდებას – ეს თემა დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა. ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციისთვის ბრალდების გამყარების მთავარი არგუმენტი ანტიდასავლური რიტორიკაა, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის
შემლახავ განცხადებებს ახსენებს, მათ შორის სანქცირებული ტვირთების რუსეთისთვის მიწოდების შესახებ. „ქართული ოცნებისთვის“ კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული. დარბაზში დღეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არაერთხელ მიუთითეს, რომ შეთავაზებების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებს თავიდანვე გაემიჯნა. ხათუნა სამნიძის რეზონანსული განცხადების გამო ოპოზიციონერ დეპუტატებს განმარტებების რეჟიმში უწევდათ ყოფნა. დებატების დღის წესრიგში იყო მიხეილ სააკაშვილიც.