პირველ მოსმენას წინ არანაკლებ მწვავე პოლიტიკური განცხადებები უძღოდა.
დარბაზში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ორივე კანონპროექტს კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართულ და მესამე სექტორის გასაჩუმებლად მომზადებულ ინიციატივებად აცხადებს და დარწმუნებულია, რომ 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავსად პროექტების სამიზნე არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციები ეტაპობრივად დევნის და ზეწოლის ობიექტები გახდებიან. ოპონენტები მმართველ გუნდს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებას და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების კრიტიკულ შეფასებებსაც ახსენებენ და ინიცირებული პროექტების მიღებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ.
თავის მხრივ პროექტების ავტორი „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ოპოზიციას პროპაგანდისტულ ისტერიაში ადანაშაულებს და არწმუნებს, რომ ინიციატივები არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების მხოლოდ უცხოური დაფინანსების გასაჯაროების ვალდებულებას გულისხმობს და არა რაიმე სახის შეზღუდვას.