საბოლოოდ რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიციური სპექტრი 26 ოქტომბრის არჩევნებზე უკვე ცნობილია. ცესკო-ს საარჩევნო სია უკვე ყველა პარტიამ წარუდგინა. 155-კაციანი სია წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ევროპული საქართველოს“ ერთობამ. კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ ცესკო-ს 108-კაციანი სია გადასცა. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკუთარი საარჩევნო სია ამომრჩეველს ორი დღის წინ გააცნო. პარტიების ნაწილმა კი დოკუმენტის გადასაგზავნად ელექტრონული გზა აირჩია. ერთი-ერთი მათგანი იყო პარტია „გირჩი“, სადაც პრაიმერიზის გზით განსაზღვრეს შემადგენლობაც და სიის პირველი ნომერიც. „ქართულმა ოცნებამ“ კი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სრული პარტიული სია გამოაქვეყნა, რომელშიც 170 წევრია. ჩამონათვალში არიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები. პარტიული სიების გამოქვეყნებას შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში.
თანხმობის გარეშე საარჩევნო სიაში შეყვანაში ადანაშაულებს აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“. იმამკულიევი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს: „აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ ამოიღეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო სიაში.“ – წერს იმამკულიეევი. მისი თქმით, უპასუხისმგებლოა ის, ვინც მისი სახელი საპარლამენტო სიაში შეიტანა. საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებები არ გაკეთებულა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა გაერთიანების მიერ ცესკო-ში წარდგენილ 155-კაციან სიაში აჰმედ იმამკულიევი 152-ეა.