ვადა ამოიწურა – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიები უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშია.
საპარლამენტო სიების საბოლოო შემადგენლობამ არაერთი კითხვა გააჩინა. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში არ არის პარტიის რამდენიმე აქტიური წევრი და ლიდერი, ჩამონათვალში ბევრი ახალი სახე, ასევე მოქმედი თანამდებობის პირია. გიორგი გახარიათი იწყება ყოფილი პრემიერის საარჩევნო სია, სადაც გუნდის ახალი წევრები – ზვიად ძიძიგური, თეონა აქუბარდია, დიმიტრი ცქიტიშვილი და ელგუჯა ხოკრიშვილიც მოხვდნენ. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანებული განახლებული ,,ნაციონალური მოძრაობის” სიაში კი პირველ და მეორე ადგილებს თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე იკავებენ, მეშვიდე ადგილზეა „ევროპული საქართველოდან“ გადასული გიგი წერეთელი, სიაში მე-14-ა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დავით უსუფაშვილი არ არის „ლელოს“ გარშემო შექმნილი კოალიციის საარჩევნო სიაში, ჩამონათვალში არც გიორგი მარგველაშვილია, რომელიც კოალიციას ცოტა ხნის წინ შეუერთდა. სია წარადგინა მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის ალიანსმაც, თუმცა სიის პირველი ნომერი არცერთი ლიდერი არ არის.