პოლიტიკური ძალების დაფინანსების საკითხი - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
დაინტერესდება თუ არა აუდიტის სამსახური ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირებისა და ამ ფულის განკარგვის საკითხით – კითხვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ გაჩნდა. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ სწორედ აუდიტის სამსახურმა უნდა გაარკვიოს აღნიშნული საკითხი. მისი თქმით, IRI-სგან იღებს გრანტს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეალურად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის გაგრძელებაა, შემდეგ ამ მიღებული თანხით კი ფინანსდება ის ტრენინგები, სადაც ახალგაზრდებს იარაღთან მოქცევასა და რევოლუციური სცენარების დანერგვას ასწავლიან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადაბით, აშკარად იკვეთება რამდენიმე პრობლემა, მათ შორისაა უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში ინვესტირება, მაშინ, როდესაც კანონი ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უცხოურ დაფინანსებას უკრძალავს. პაპუაშვილი აქცენტს აკეთებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, მათ შორის „დროაზე“, „გირჩსა“ და „ევროპულ საქართველოზე“.
პარლამენტს თავმჯდომარე თვლის, რომ აუდიტის სამსახურის გარდა, ამ საკითხით თავად საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა დაინტერესდნენ და დაფინანსებები უნდა გაასაჯაროვონ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოხმაურებები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.