„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა.
ამიტომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიციატივის განხილვაა. მწვავე პოლიტიკური დებატების დროს სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. ის, რაც ფინანსური გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტია ხელისუფლებისთვის, რუსული კანონის იდენტურია ოპოზიციისთვის. ოპონენტები ნეგატიურ საერთაშორისო გამოხმაურებაზეც მიუთითებენ და „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. სადავო პროექტი 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას, მიღებული თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებას და უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლებად დარეგისტრირებას ავალდებულებს. დღევანდელი განხილვის დროს არაერთხელ ახსენეს დაფინანსების გამჭვირვალობაზე ამერიკაში მოქმედი „ფარას კანონი“ და ევროკომისიაში ინიცირებული პროექტი.