პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლას აფასებენ
ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, საქართველოსა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, – ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნაზე თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. პრეზიდენტის განცხადებით, ის ტრიბუნაზე საუბრობდა იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობენ, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც ე.წ. საზღვრების გადაწევა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შეუძლებელს ქმნის მშვიდობიან ცხოვრებას.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და საერთაშორისო მისიებზე, რომელშიც ქვეყანა წლებია მონაწილებს. გაეროში პრეზიდენტის პირველი გამოსვლა კრიტიკის საგანია ოპოზიციისთვის, მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა პოლიტიკური ტრიბუნის სათანადოდ გამოყენება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს უფრო გარკვევით უნდა ელაპარაკა რუსულ ოკუპაციაზე.
ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ტრიბუნა სწორად გამოიყენა და მსოფლიოს სწორი გზავნილებით მიმართა, თუმცა მმართველ გუნდშიც აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროში უფრო მეტის თქმაც შეეძლო.