„პოლიტიკო“ ამერიკელი კონგრესმენების პროექტის შესახებ - გამოხმაურება
ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტი ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ “ მოიპოვა. „თუ საქართველოს მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ-ი დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დაწესებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, კონგრესი ასევე დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, რაც რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიის დასაცავად იქნება გამიზნული. „პოლიტიკოს“ მიხედვით, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რისი მტკიცებულებაც, სულ მცირე, უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო. „პოლიტიკოს“ ინფორმაციითვე, დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს.