პოლიციელის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტი - პოლიტიკური შეფასებები

ისნის მეტროსადგურში მომხდარი შემზარავი ძალადობა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. მომხდარს ყველა მკაცრად გმობს და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. თუმცა ოპოზიციის ნაწილი, მსგავს ძალადობრივ ფაქტებს სისტემურ დანაშაულად აცხადებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე აკეთებს აქცენტს. გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს და ამტკიცებს, რომ შეჩერებულია ყველა რეფორმა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობის პრევენციისა და არასრულწლოვანთა უფლებების დასაცავად, მათი ლიდერის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დაიწყო. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, თემის პოლიტიზების დაუშვებლობაზე საუბრობს. არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გამო ხმაური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. უწყების წინ „დროას“ და „ლელოს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მოეწყო, რა დროსაც სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.