ისტორიულ თამაშებზე დასასწრებად ემზადებიან ქომაგებიც. დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ფრენებს შეასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. დაგეგმილია სულ 17 ჩარტერული რეისი. ამ დროისთვის, ჯამში 5220 ბილეთია გაყიდული. ბილეთების შეძენა ონლაინ პორტალზე, TKT.GE-ზეა შესაძლებელი. ამასთან, ბილეთს სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ. მგზავრი ვალდებულია აეროპორტში რეგისტრაციისას ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ავიაბილეთის სრული საფასურის გადახდა მოუწევს. მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს და ვალდებულია, სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე გამოცხადდეს. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა.