საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევროკომისია/ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო რადიოთეატრის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პროექტს, The Synchromesh იწყებენ. პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს, სემინარებსა და საზაფხულო სკოლას. პროექტის საბოლოო მიზანია სახელოვნებო დარგის შემოქმედთა მოზიდვა, სწავლება და საბოლოოდ რადიოსპექტაკლის შექმნა. საქართველოში რადიოთეატრს დიდი ტრადიცია აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ფონდში დაცული პირველი რადიოდადგმა 1953 წლით თარიღდება. შესაბამისად, წელს რადიოთეატრს 70 წელი შეუსრულდა. მანამდე კი, გასული საუკუნის 30-იან წლებში რადიოსპექტაკლები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მასში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, ირლანდია, ალბანეთი, უნგრეთი, იტალია, უკრაინა და რუმინეთი. პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ მიმართულებით კარიერას, მათ შორის მსახიობებისთვის, სცენარისტებისთვის, მუსიკოსებისთვის, ხმის ინჟინრებისთვის, პროდიუსერებისთვის და ა.შ.