პირველი არხის ახალი შენობა ქმნის მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართულ მედიაბაზარზე უკონკურენტო მოთამაშედ აქცევს
2024 წლის 16 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული თანამშრომლისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვების, „მოამბის“ გუნდისთვის, რომლებიც ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დრომდე მუშაობენ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული მოვლენების შესახებ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელევიზიის ახალი შენობა, მსოფლიო დონის პროექტია, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის, ვიზრუნოთ თქვენს ინფორმირებულობაზე. ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს და ვებ პლატფორმას აერთიანებს და რომელიც სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დანერგა ქართულ მედიას სივრცეში, მუშაობას ახალი მისამართიდან განაგრძობს. 5000 კვადრატული მეტრი – ეს არის სტუდიებისა და პავილიონების საერთო ფართობი, რაც ქმნის მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას, საზოგადოებრივ მაუწყებელს კი ქართულ მედია ბაზარზე უკონკურენტო მოთამაშედ აქცევს – თეონა ხუბულავა იმყოფება საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.