პირველი არხის ახალი, თანამედროვე შენობა ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ-მაუწყებლობისთვის აუცილებელ პარამეტრებზეა გათვლილი

ახალი შენობის გახსნის შემდეგ გადასვლის პროცესი იწყება.

პირველი არხის თანამშრომლები კოსტავას 68-დან პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში ეტაპობრივად გადავალთ. თანამედროვე დიზაინის და არქიტექტურის შენობა ტელევიზიის, რადიოს და ონლაინ-მაუწყებლობისთვის აუცილებელ პარამეტრებზეა გათვლილი და არხის პროგრამული პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად და საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლელო-შემეცნებით-გასართობი პროგრამების მოსამზადებლად უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. მანამდე კი იყო თითქმის ოთხწლიანი მშენებლობა და ტექნიკური გადაიარაღების რთული გეგმა. მომავალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის 64-ე დაბადების დღეს ჩაიდო. ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 1966 წელს არქიტექტორ არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებული ისტორიული შენობის ავარიულობა ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, არსებული შენობის რეაბილიტაცია კი ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. ახალი შენობა კომპანია „თბილქალაქპროექტის“ მიერ არის დაპროექტებული. დიზაინი წლების წინ პირველმა არხმა ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია. პროცესში საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული.