ახალი სეზონი საქართველოს პირველ არხზე.
დღეიდან „მოამბე“ ობიექტურ და ყველაზე სანდო ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სტუდიიდან მოგაწვდით. ბრუნდება საერთაშორისო პროექტები, რომელთა დაწყება პანდემიამ თითქმის სამი თვით გადაავადა. გუშინ მაყურებელმა უკვე იხილა ყველასთვის საყვარელი მეგა-შოუს, „მასტერშეფის“ მესამე სეზონის პირველი გადაცემა. იწყება „რა, სად, როდის“ ზაფხულის სერიები. ეკრანზე ბრუნდება პირველი არხის სერიალი „იდეალური დედა“, რომელმაც პირველივე სეზონიდან მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. მიმდინარეობს მზადება მუსიკალური კონკურსის, „ვოისის“ ლიცენზირებული ქართული ანალოგისთვისაც. სიახლეებია „პირველი არხი – განათლებაზეც“. დღეიდან ახალი პროექტი „ჩვენი ქართული ენა“ იწყება, რომელიც აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის ონლაინ-ოლიმპიადას, ვიქტორინას და თავისუფალი თემის კონკურსს აერთინებს. 15 ივნისიდან კი „ტელესკოლაში“ დისტანციური სწავლების წელი დასრულდება, თუმცა, იწყება ახალი მასშტაბური სახალხო პროექტი „ეს საქართველოა“.