30 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ტელევიზიისთვის. დღეს უპრეცედენტო ტელეპროექტის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა.
2020 წლის 28 მარტს ტელესკოლის ისტორიის ათვლა დაიწყო. კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან და ონლაინ-სწავლებაზე გადასვლიდან მალევე საქართველოს მეორე არხზე ჩაირთო ახალი არხი – „პირველი არხი – განათლება“, რომელიც სახლებში დარჩენილ მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილებს სთავაზობს. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე მორგებული სატელევიზიო პროექტი პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ეროვნულ სასწავლო პროგრამას მოიცავს. ორი წლის განმავლობაში საეთერო ბადე კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. საგანმანათლებლო არხი მოსწავლეების გარდა ყველა ასაკის აუდიტორიის ინტერესებზეა მორგებული.