პირველი არხი ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

კორონავირუსის გამო საქართველოს პირველი არხი ახალ ტელე-ონლაინ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.

პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც „კოვიდ-19“-ისგან თავდასაცავად პირველ აპრილამდე არდადეგები აქვთ. რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ ტელევიზია მზად არის, მოსწავლეებს სატელევიზიო და ონლაინ-პლატფორმებით სასწავლო პროგრამები მიაწოდოს. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადებული პროექტი წარმოებაში დღეიდან ჩაეშვა. მეორე არხი, ვებ-პორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის იუთუბ და ფეისბუქ-გვერდები ის მედია-პლატფორმებია, რომლითაც სასწავლო პროგრამები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები, სასწავლო პროგრამებთან ერთად მომზადებულია საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები. პირველი არხი გეგმავს, რომ მსოფლიოს ცნობილი ტელევიზიების და სტუდიების მიერ მომზადებული სასწავლო-დოკუმენტური ფილმებიც თარგმნოს და ახალი პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აჩვენოს.

ტელე-ონლაინ პროექტი კორონავირუსთან დაკავშირბეული მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.