პირველი არხის მიერ პროექტის, „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში ახალი ამბების გაცვლა დღეიდან დაიწყება.
2022 წლის სექტემბერში გაკეთებული განაცხადის შედეგად, საქართველოს პირველი არხი მარტში ოფიციალურად გახდა პროექტის ნაწილი. „ევროპული პერსპექტივა“ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც ევროპის გაერთიანებული ქსელური ნიუსრუმის შექმნას გულისხმობს, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ერთობლივად მუშაობენ ერთი მიზნისთვის – შექმნან მრავალფეროვანი, კულტურათაშორისი პროდუქტი და საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ შექმნილი სანდო და გადამოწმებული ონლაინ ახალი ამბები. „ევროპული პერსპექტივის“ ფარგლებში, ახალი ამბები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ითარგმნება პროექტში ჩართული ქვეყნების ენაზე და ადამიანური რესურსის მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს. დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ პლატფორმაზე 1tv.ge ევროპის 15 ქვეყნის 18-მდე ნიუსრუმის ახალი ამბები ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ პლატფორმაზე ატვირთული ახალი ამბები კი პროექტში „ევროპული პერსპექტივა“ ჩართული ყველა ქვეყნის მაუწყებლის ვებპორტალზე განთავსდება.