სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
მასალა გადაღებულია კლინიკა „ვივამედში“, პალატაში დამონტაჟებული მეთვალყურეობის კამერებით. ხანგრძლივობა ერთი წუთი და 23 წამია. პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებასაც. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა. საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კადრების გავრცელებას „ცინიკურს“ უწოდებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ამ მასალის გავრცელება ცალკე დანაშაულია. „თუ ვინმე ულახავს საქართველოს სახელს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის საცვლების ამარა კადრებს აქვეყნებენ“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.