ევროპელი დიპლომატების განცხადება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
საქართველოში ევროკავშირის ელჩისა და გერმანელი დიპლომატის გზავნილები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. პაველ ჰერჩინსკის გზავნილებს მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევად მიიჩნევს. „ქართული ოცნება“ ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონიანი დახმარების შეჩერებასაც აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხის ჯარისთვის შეჩერება და მესამე სექტორისთვის გადაცემა, ორმაგი სტანდარტია.
ხელისუფლების ოპონენტები კი დახმარების შეჩერებას საგანგაშოს უწოდებენ და ბრალს ხელისუფლებას დებენ. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. მისივე თქმით, შეჩერებულია ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონიანი დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასახმარებლად იყო დაგეგმილი. საუბარია სხვა ზომებზეც, მათ შორის სანქციებზეც. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მიმართ პოლიტიკა საქართველოს მომავალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს.