პატრიოტული ოინი

ქვემოთ მოხმობილი ფრაგმენტი ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება გახლავთ. დიდ მეცნიერს თავისი ხელნაწერი გამოსაქვეყნებლად დავით ბუზუკაშვილისთვის გადაუცია:

– ერთი ნესტორ წერეთელი იყო, საჩხერელი თავადი. მისი ქონება, მათ შორის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი, მის ცოლ-შვილს დარჩა. ხელნაწერს თურმე ყდა ჰქონია გაფუჭებული და დედას უთხოვნია ვაჟიშვილებისათვის, გააკეთებინეთო. იმათაც წამოეღოთ თბილისში. ყდა, მართლაც-და, კარგი გაუკეთებინებიათ, ხავერდისა, მაგრამ მერე, ჩვენებური თავადიშვილური დაუდევრობით, ეტლში დარჩენიათ. მათ შემდეგ ის ეტლი უქირავებია ცნობილი ქართველი ვაჭრის, ფორაქიშვილის ერთ ნოქარს, რომელსაც ეტლში უპოვნია ხელნაწერი და ძალზე გახარებია: „ახლა კი გავკეთდი კაციო“. ფორაქიშვილს ეს ამბავი რომ გაუგია, ჩემთან გამოუგზავნია ნოქარი, წერა-კითხვის საზოგადოებისათვის შეიძენსო, მაგრამ მე შინ არ  დავხვდი. ის ნოქარიც ამდგარა და  მიუტანია კომერსანტ დავით სარაჯიშვილისთვის, რომელსაც სამი თუმანი მიუცია ხელნაწერში, ეს მაშინ, როცა იმ ხელნაწერში რამდენიმე ათეული საუცხოო მინიატურა იყო და თითო მათგანი გვიღირდა ას მანეთად!

ცოტა ხანს შემდეგ დავით სარაჯიშვილმა მიმიწვია სადილად. კვირა დღე იყო, სტუმრები ჰყავდა. შევედი თუ არა, მომაგება ის ხელნაწერი: აი, საშენო, საშენოო! დავხედე, მოვკიდე ხელი და ვუთხარი: ამას თან წავიღებ და გულმოდგინედ შევისწავლი-მეთქი!

–  წაიღე, ოღონდ მალე დამიბრუნე, ბარონ დე-ბაის უნდა ვაჩუქოო!

საერთოდ, ერთი პირდაპირ აღმაშფოთებელი თვისება სჭირდათ მაშინ ქართველებს, შეგნებულებსა და თითქოს მამულიშვილებსაც კი: რაც კი რამ კარგი და თავმოსაწონი ნივთი ჰქონდათ, გააჩუქებდნენ. ერთხელ ქართველმა თავადაზნაურობამ ასწია ერეკლე მეორის ნაქონი თოფი – ის, რომლითაც კოხტა ბელადი მოკლა ასპინძის ომში  –  და მიართვა მეფისნაცვალს… კიდევ კარგი, რომ იმან უკანვე დაუბრუნა:  ეს თქვენთვის ძვირფასი სახსოვარია და თქვენთანვე უნდა დარჩესო!…

მერე და, ვისთვის აპირებდა იმ „ვეფხისტყაოსნის“ მიძღვნას? ბარონი დე-ბაი ხომ ერთი დილეტანტი, მოხალისე არქეოლოგი იყო.

რამდენიც მომკითხა სარაჯიშვილმა, იმდენი ვუპასუხე: ჯერ კიდევ ვიკვლევ, არ მომითავებია-მეთქი.

ამასობაში ის ბარონი კიდევაც გაემგზავრა საქართველოდან. მერე თვითონ დავით სარაჯიშვილი წავიდა საზღვარგარეთ.  მაგრამ, სამაგიეროდ, მისმა ცოლმა დამიწყო დროდადრო კაცის გზავნა…

მერე ვთქვი გუნებაში: ესენი, ჩანს, აღარ მომეშვებიან-მეთქი. ავდექი და შევიტანე ხელნაწერი წერა-კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში… ჩამოვიდა სარაჯიშვილი საზღვარგარეთიდან. როცა მკითხა, რა უყავიო? ვუთხარი:

– კაცო, ჩამოეხსენი ამ „ვეფხისტყაოსანს“…  აი, შენი სახელით შევწირე წერა-კითხვის საზოგადოებას.

შეცბა. არ მოელოდა. ის კი ეამა, რომ მისი სახელით იყო შეტანილი ხელნაწერი და ბოლოს გაეცინა, კარგიო!…