დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს. დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე, ცოტა ხნის წინ დასრულდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს.
მათი განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტია წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებასაც მოითხოვს. „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები და აქტივისტები დღევანდელი აქციისთვის სხვადასხვა რაიონიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ.
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები მივიდნენ. მათ საკრებულოს შენობიდან ნატო-ს დროშა გადმოფინეს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სურდათ, აქციის ორგანიზატორებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს სწორედ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.