ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კიდევ ორი მოწმის ჩვენება გახდა ცნობილი. სასამართლომ კუდ-ის და აეროპორტის ყოფილ თანამშრომლებს მოუსმინა.
2007 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მომუშავე დავით ზარნაძემ ბიზნესმენის დაცვის თანამშრომელთან ნაცნობობა დაადასტურა და თქვა, რომ უწყების მაშინდელი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ მას ამ ურთიერთობის განახლებას სთხოვდა. დგებუაძე ახსენა მეორე მოწმემაც.
სასამართლოში დღეს ის ექსპერტიც წარდგა, რომელმაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას – ფარულ აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა. გამოძიების ვერსიით, 2007 წელს დამზადებულ ჩანაწერში კუდ-ის მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ.