საპარალამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაცია დასრულდა.
საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა. ჯამში უწყებას 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 17-მა; უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა ისეთი მოქალაქეების ხელმოწერები, რომლებსაც რეალურად მხარდამჭერთა ბლანკზე ხელი არ მოუწერიათ. შესაბამისად, ცესკო-მ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა ასეთ შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.
შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რეგისტრაციის ვადა ჯერ კიდევ აქვს იმ 13 პარტიას, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისთვის ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. საარჩევნო კოდექსის თანახმად, ასეთმა პარტიებმა ცესკო-ს თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.