ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ყველა საარჩევნო სუბიექტს 2024 წლის 31 აგვისტომდე მიმდინარე წლის რვა თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა. როგორც ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ ბრიფინგზე ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, ამისი მიზეზი პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვაა, თუმცა გარდა ამისა, რაჟდენ კუპრაშვილმა ილაპარაკა საეჭვო ფინანსურ სტანდარტებზე, რომელიც არსებობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ საქმიანობებთან დაკავშირებით. როგორც ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და გაერთიანება სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს დაფინანსების წყაროებს.