„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი მორიგი ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა შეუწყდეთ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერის გადალახვის მიუხედავად, მანდატების მიღებაზე და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს ამბობენ. ინიციატორები ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებები არ ეხება ბოიკოტს, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა. ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მომზადებული და შემდეგ შეჩერებული პროექტის განხილვა კვლავ დღის წესრიგში ბრუნდება. ალეკო ელისაშვილის პარტიის გარდა, მოსალოდნელ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიცია. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში შესვლაზე ამ დრომდე უარს ამბობს, „ლეიბორისტული პარტიაა“. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მისი დასჯის მექანიზმად აფასებს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციაშიც ეთანხმებიან. მომავალი წლის თებერვლიდან ასამოქმედებელ ცვლილებებს თვეების წინ ვენეციის კომისიიდან მკაცრი შენიშვნები მოჰყვა.