„მოქალაქეები“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვენ. ალეკო ელისაშვილი ამ ფორმატში საქართველოს ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლების მოწვევას ითხოვს. მიზეზი პენსიონერებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული 36 პროცენტია.
დეპუტატი აცხადებს, რომ ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერია და მათ ნახევარს პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი, რის სანაცვლოდაც მათ 36 პროცენტის გადახდა უწევთ. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაიხედოს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.