„ლელოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა, მერაბ ქურიძემ. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ძლიერი საქართველო“ ვეღარ მალავს თავის რეალურ ზრახვებს და ეს პოლიტიკური გაერთიანება არა დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი, არამედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა.
მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის კიდევ ერთმა წევრმა – სულხან კოჩალიძემ. კოჩალიძე წერს, რომ ის პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რადგან ის საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობის დასაცავად, ქვეყნისა და მოსახლეობის ბედით ვაჭრობს. პარტიიდან წასულები მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უკვე ყოფილ თანაგუნდელებსაც მოუწოდებენ.
„ძლიერ საქართველოში“ გაჟღერებულ ბრალდებებსა და წევრების მიერ კოალიციის დატოვებას ეხმაურებიან, სადაც ყველაფერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკავშირებენ და კოალიციის წინააღმდეგ დაწყებულ სპეცოპერაციაზე საუბრობენ.