20 ივნისის, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენების ერთმანეთთან შედარება და პარალელების გავლება სრული აბსურდია, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივად შესულიყვნენ პარლამენტში, ამის შედარება 7 ნოემბერთან, როდესაც იყო მშვიდობიანი აქცია, არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად.
როგორც ცნობილია, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით. ამ ინიციატივას დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.