პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა 

ორჯერ გადადებული კენჭისყრის და მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, დღევანდელი კენჭისყრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო.

მოწინააღმდეგე თანაგუნდელების დათანხმება უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მისვლამდე, პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა კონსულტაციები ისევ უშედეგოდ დასრულდა. იმისთვის, რომ პროექტი არ ჩავარდნილიყო, საჭირო იყო მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. 101 მომხრე, სამი წინააღმდეგი, – ასეთი შედეგები დაფიქსირდა საბოლოოდ ტაბლოზე ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერის მიუხედავად. უმრავლესობის 37-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრის შედეგებს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა დარბაზში. პროტესტი პარლამენტის კედლებს გასცდა.