პარლამენტში მთავარი პროკურატურის რეფორმაზე იმსჯელეს

პარლამენტში მთავარი პროკურატურის რეფორმაზე იმსჯელეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მთავარი პროკურორის არჩევისა და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე ორი საკანონმდებლო წინადადება წარედგინა. ერთი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ ეკუთვნის, მეორე კი, ლაშა ტუღუშის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ნათია კუპრაშვილისა და ზვიად ქორიძის  მიერ მომზადდა.

სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ერთი მხრივ, მთავარი პროკურორის არჩევის წესი იცვლება, მეორე მხრივ კი, სისტემის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი, დეპუტატები და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლები აღარ უნდა იყვნენ.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე წინადადება განსახილველად იმ სამუშაო ჯგუფს გადაეგზავნება, რომელმაც პროკურატურის რეფორმის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოამზადოს.

პარლამენტს კანონპროექტის მიღება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მოუწევს.