იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო ისევ ვნებათაღელვაა.
როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ კანდიდატთა შერჩევა პარლამენტში ხმაურიანად ჩაივლის. საბჭოს არამოსამართლე წევრის და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, იუსტიციის საბჭომ კანდიდატთა ცხრაკაციანი სია კენჭისყრაზე მაინც დაამტკიცა. პროცესი ახლა პარლამენტში ინაცვლებს, სადაც კანდიდატურების მოსმენა უნდა დაიწყოს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მათ მხარდაჭერას არ აპირებს. მთავარ არგუმენტად შარლ მიშელის შეთანხმება სახელდება, რომლის მესამე პუნქტი სწორედ სასამართლო სფეროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ეხება. ოპოზიცია რეფორმის პროექტის მომზადებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს და იუსტიციის საბჭოში ჩატარებულ დღევანდელ კენჭისყრას მიშელის შეთანხმების დარღვევად აცხადებს. ორი მოსამართლე ნეპოტიზმთან დაკავშირებული ბრალდებების ადრესატიც ხდება.