მწვავე დაპირისპირების შემდეგ მიღებულია კანონ-პროექტი, რომელმაც პარლამენტში გადაჯგუფება გამოიწვია და ბოლო პერიოდის ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა.
87 ხმით დამტკიცდა „ქართული ოცნების“ პროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ადგენს.
გაითვალისწინა თუ არა, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, – ეს იყო დღევანდელი პოლიტიკური დებატების მთავარი თემა. ოპონენტების მხრიდან დღესაც ისმოდა განცხადებები მოსამართლეთა ე.წ. კლანზე და მათი ინტერესების ლობირებაზე.
კენჭისყრის შემდეგ ერთით გაიზარდა იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებმაც სწორედ სადავო კანონ-პროექტის გამო, უმრავლესობის რიგები დატოვეს. მმართველი გუნდიდან ლევან კობერიძეც წავიდა. ახლა საინტერესოა, როგორ მოიქცევა ალექსანდრე ერქვანია, რომელმაც კობერიძის მსგავსად პროქტს მხარი არ დაუჭირა.