თითქმის უცვლელი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტისგან ნდობა მიიღო.
მმართველმა პარტიამ პრემიერის პოსტზე უკვე მეორედ წარდგენილ გიორგი გახარიას და მის გუნდს 85 ხმით მხარდაჭერა გამოუცხადა. ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ჩატარებული საკომიტეტო მოსმენების, ფრაქციის და რიგგარეშე სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად განახლებული სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე იწყებს მუშაობას. ოპოზიციური ძალების ბოიკოტის პირობებში წარმართული ნდობის გამოცხადების ოთხდღიანი პროცედურა დასრულებულია.
სავარაუდოდ მთავრობაში მოსალოდნელია საკადრო გადაადგილებებიც. როგორც დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, უკვე ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება, სპორტის მიმართულება კი შესაძლოა განათლების სამინისტროში ცალკე დეპარტამენტად დარჩეს. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მისი ძირითადი ნაწილი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.