პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
შს სამინისტროს შეფასებით, რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. კერძოდ, იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.