ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის პრეზენტაციამ.
ოპოზიციის დიდ ნაწილს შალვა პაპუაშვილისთვის არ მოუსმენია. გამოსვლის დიდი ნაწილი სპიკერმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო ევროკომისიის 12 პუნქტს დაეთმო. პაპუაშვილმა პუნქტობრივად განმარტა, თუ რა ეტაპზეა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ამ დრომდე ღიად დარჩენილი პირველივე პუნქტი, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დერადიკალიზაციად იკითხება.
რაც შეეხება ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნას, ჩიხში შესულ პროცესზე და ევროკომისიის ბოლო პუნქტის რამდენიმე თვით გადავადებაზე შალვა პაპუაშვილი პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აკისრებს. მიიღებს თუ არა ქვეყანა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს – პროგნოზი ოპტიმისტურია, რაც ჩატარებულ სამუშაოებთან ერთად ევროკომისიის ბოლო შეფასებით ანგარიშსაც ემყარება.