საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის გაფართოების ნაწილი – ამ გზავნილით დასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ირლანდიელ კოლეგასთან.
შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციის ფორმატში, ბოლო ორმხრივი შეხვედრა სწორედ ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან გამართა. მანამდე, ქართველი სპიკერი შეხვდა შვიდი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს, ორი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ორჯერ გამოვიდა სიტყვით კონფერენციაზე. შალვა პაპუაშვილმა გამოსვლისას ისაუბრა უკრაინაზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზე. ორმხრივ ფორმატებში დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს ევროპული არჩევანი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იყო. ქვეყანამ ევროპელი სპიკერებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.