პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ევროპის ქვეყნებში

გერმანიაში, ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში გამართული პოლიტიკური შეხვედრების შემდეგ ქართული საპარლამენტო დელეგაცია თბილისში ოპტიმისტური პროგნოზებით ბრუნდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართველმა დეპუტატებმა სამივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პირობა მიიღეს. სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრების მთავარი თემა ის სამუშაოები იყო, რაც ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ტარდება. ათდღიანი ვიზიტის შეჯამების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ევროსკეპტიციზმი ევროკავშირის გაფართოების პრაგმატული პოლიტიკის ძიებამ ჩაანაცვლა.