საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება ბრიუსელში.
ქართული მხარე ნატოსგან გაწევრიანების გზაზე და სამოქმედო გეგმებში მეტ კონკრეტიკას და შემხვედრ ნაბიჯებს ითხოვს. სწორედ ამ გზავნილებით არის ჩასული ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დღეს ნატო-საქართველოს კომისიაში მიიღო მონაწილეობა. დელეგაცია მიიღო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემაც. დღის წესრიგის მთავარი თემები ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის გარკვევა და ვაშინგტონის სამიტი იყო, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს. ქართული მხარის პოზიციით, ევროკავშირის მსგავსად, ინტეგრაციის პროცესში ნატომ საქართველოს უფრო კონკრეტული რეკომენდაციები უნდა მისცეს და ქვეყნის გაწევრიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე მიიღოს. ამ კონტექსტში აქცენტი რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე კეთდება.
რა ფორმით იქნება ჩვენი ქვეყანა სამიტზე წარმოდგენილი და როდის უნდა ელოდოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან უფრო მკაფიო ნაბიჯებს – თეონა მანაგაძე აშუქებს ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე შეხვედრებს.